თბილისის კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პირველი სეანსი ინციდენტების გარეშე დასრულდა. მაყურებლებმა კინოთეატრების შენობები უკვე დატოვეს.
კინოთეატრებთან სამართალდამცველები იმყოფებიან და აქციის მონაწილეებს მაყურებელთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.
კინოთეატრ „ამირანთან“ და „გალერეა თბილისში“ მდებარე კინოთეატრში აქციის მონაწილეები მაყურებლების მისამართით სკანდირებდნენ: „სირცხვილია, სირცხვილია“.
შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინაც გაიმართა.
ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები, „ქართული მარშის“ წევრები და მხარდამჭერები ფილმის კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდნენ და პრემიერის ჩაშლას გეგმავდნენ, რასაც დაპირისპირება რამდეჯერმე მოჰყვა.
8 ნოემბერს, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.