იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განწესების სურვილი აქვს.
"წარდგენილი ვიყავი უზენაესი სასამართლოს წევრად, რისი სურვილიც მქონდა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებული კითხვა არასერიოზულია, თუკი არ მეტყვით წყაროს. ასეთი მსჯელობა არსად არ ყოფილა", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი მიქაუტაძემ.
არაოფიციალური ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ვაკანტური თანამდებობის დაკავების სურვილი აქვს. მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა იმ 10-კაციან სიაში იყო, რომელიც იუსტიციის საბჭომ პარლამენტს გასული წლის დეკემბერში წარუდგინა.